რეგიონი: იმერეთი, ჭიათურა
ტელეფონი: +995 595 48 81 12
მისამართი: ჭიათურა, ყაზბეგი ქუჩა #1
ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ყველა ასაკობრივ ჯგუფთან!
საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”, 2019 წლიდან დღემდე, აქტიურად მუშაობს ჭიათურაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე. 2019 წელს, მოძრაობის თავმჯდომარის, ნოდარ ჩაჩანიძის ინიციატივით, ჭიათურაში გაიხსნა მმართველობის მონიტორინგის ცენტრის (GMC) იმერეთის ბიურო, რომელიც ორი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ანტიკორუფციული და გარემოსდაცვითი მიმართულებით. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დემოკრატიისთვის ევროპული ფონდის (EED) მხარდაჭერით, ჭიათურაში სამოქალაქო ჩართულობის არაერთი მექანიზმი ამუშავდა და არაერთი ტაქტიკა თუ სტრატეგია მოისინჯა. 2020 წელს, “მომავლის ჭიათურის”, მმართველობის მონიტორინგის ცენტრის, ასოციაცია “მხარდამხარის” და ჭიათურის მეთევზეთა კლუბის მიერ, შეიქმნა ახალი გარემოსდაცვითი პლატფორმა - ჭიათურის ეკოლოგიური კლუბი, რომელმაც ათობით ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები გააერთიანა და სამოქალაქო აქტივიზმი ჭიათურაში ახალ დონეზე აიყვანა.
“მომავლის ჭიათურამ” 2019 წლიდან არაერთი აქტივობა განახორციელა, აწარმოა სამოქალაქო პროტესტი და ფართომასშტაბიანი მედიაკამპანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2020 წელს ახალი გარემოსდაცვითი პლატფორმის, ჭიათურის ეკოლოგიური კლუბის დაფუძნება (იხ. ნაწილი 6). სამოქალაქო ველზე ხელისუფლებასთან კონკურენციამ ირიბი შედეგი გამოიღო − ქალაქის ცენტრში რამდენიმე თვალსაჩინო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, შეიღება ფასადები, მოეწყო სკვერები, გასართობი პარკები და შადრევნები. ბუნებრივია ამ ტიპის პროექტები არსებითად ვერ ცვლის ადგილობრივების მდგომარეობას, მაგრამ, ცხადია, რომ აქტიურობას გარკვეული შედეგი მოაქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ “მომავლის ჭიათურის” თავმჯდომარემ, ნოდარ ჩაჩანიძემ, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, როგორც ჭიათურის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატმა და ხმების 35,6% მიიღო. საზოგადოებრივი მოძრაობის კიდევ ერთი დამფუძნებელი, დავით ჭუმბურიძე კი ადგილობრივი საკრებულოს წევრი გახდა.