შუა დერეფანზე მოთხოვნა ომის შემდეგაც შენარჩუნდება - ირაკლი ბურდილაძის პროგნოზი

დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორის ირაკლი ბურდილაძის აზრით, შუა დერეფანზე მოთხოვნა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა. „თეთრი კვადრატის“ მმართველი დირექტორი ასეთ მოლოდინს დივერსიფიკაციის არგუმენტით აძლიერებს.

ირაკლი ბურდილაძის თქმით, სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას არა მხოლოდ ეკონომიკისთვის აქვს მნიშვნელობა, არამედ ის ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია.

- იმ უბედურებამ, რაც რუსეთმა თავს დაატეხა უკრაინას, ქვეყნებს და პირველ რიგში, ცენტრალური აზიის ქვეყნებს დაანახა, რომ გადაზიდვების კუთხით ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება, თან ისეთზე, როგორიც რუსეთია, არის არაჯანსაღი და საჭიროა დივერსიფიკაცია. ამან გამოიწვია ის, რომ ე.წ. შუა დერეფანში გადმომისამართდა ტვირთების საკმაოდ დიდი ნაკადი და საქართველოს გავლით ძალიან ბევრი ტვირთი გაედინება ევროპის და ამერიკის მიმართულებით. ჩვენი ეკონომიკის სამომავლო ზრდისთვის კომუნიკაციები და ლოგისტიკა არის ლოკომიტივი. ამ სექტორების განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებას და უპირველეს ყოვლისა - მშენებლობის და უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რადგან ის პირდაპირ კავშირშია ისეთი ობიექტების მშენებლობასთან როგორებიცაა: ტერმინალები, სასაწყობო სივრცეები, პორტები და ა.შ. ამდენად, ჩვენს დერეფანში ტვირთების ნაკადის გადმომისამართება არის ძალიან პოზიტიური ფაქტი და მომავალშიც ასე დარჩება, რადგან ცენტრალური აზიის ქვეყნები დივერსიფიკაციას აუცილებლად გააკეთებენ.

- თუმცა ისიც ვიცით, რომ შუა დერეფანი არ არის იაფი... რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, ის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგაც მიმზიდველი და კონკურენტული დარჩეს და ახლა იძულებით წამოსულმა ტვირთებმა გვერდი არ აგვიაროს?

- ვფიქრობ, ტვირთები გვერდს არ აგვივლის... შემოდის ისეთი ცნება, როგორიცაა დივერსიფიკაცია - პრაქტიკამ აჩვენა, რომ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება არ არის ჯანსაღი. არ ვამბობ, რომ მაგალითად, ყაზახეთი თავისი ტვირთების 100%-ს საქართველო გავლით გამოატარებს, მაგრამ ვფიქრობ, ტვირთების გარკვეული ნაკადი აუცილებლად დარჩება.

- ჩემი კითხვაც ამას ეხება - შუა დერეფანზე გაზრდილ მოთხოვნას სახელმწიფომაც ხომ უნდა უპასუხოდ ადეკვატურად?

- რა თქმა უნდა, უნდა ავყვეთ გაზრდილ მოთხოვნას - უნდა გაიზარდოს ჩვენი რკინიზგის გამტარუნარიანობა, დაემატოს ახალი ტერმინალები... როგორც ვიცით, ანაკლიის პორტის მშენებლობაც გამოცხადდა. ამ ყველაფერს მარტო მთავრობა ვერ გააკეთებს - ეს ბიზნესის და მთავრობის ერთობლივი საქმიანობაა.

მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია კომენტარის დატოვება