ადამიანის უფლებებსა და მათთვის ბრძოლას საკმაოდ რთული, მრავალწლიანი ისტორია აქვს, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში.საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციის მე – 7 მუხლის თანახმად,
“სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს”. საქართველოში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა ხორციელდება კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო კონვენციებითა და დეკლარაციებით დადგენილი სტანდარტების, პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე. ამის მიუხედავად, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ადამიანის უფლებები ხშირად ირღვევა და ამ პრობლემების აღმოფხვრა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას, გასული საუკუნის ისტორიული ფონიდან გამომდინარე, არ ჰქონია შანსი, ადამიანის უფლებების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განეხორციელებინა და 1921 წლის კონსტიტუციით გათვალისწინებული დებულებები სისრულეში მოეყვანა, დღეს ამ მხრივ შედარებით დადებითი ტენდენცია ნამდვილად შეიმჩნევა, რაც სწორედ რომ საზოგადოების დაინტერესებისა და მათი აქტიურობის შედეგია.
თემის აქტუალურობას კიდევ ერთხელ ნათლად გვანახებს GDI-ს მიერ 2020 წლეს მომზადებული დომკუმენტი, სადაც დეტალურადაა წარმოდგენილი საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობა სამართლებრივ ჭრილში. ,,2020 წელს საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე მომატებულმა საპროტესტო ტალღამ კიდევ უფრო მეტად დაგვანახა ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის კუთხით არსებობს.
გამოხატვის თავისუფლება
გამოხატვის თავისუფლება, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად ქვაკუთხედს და როგორც საზოგადოების მთლიანად, ასევე თითოეული ინდივიდის თვითრეალიზების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. რაც უფრო მეტად ინფორმირებული ხდება მოსახლეობა საკუთარ უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებით, მით მეტად ხდება საჯაროდ ჯანსაღი კრიტიკისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. შესაბამისად, ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი გახდა საკუთარი აზრის გამოხატვა და ამიტომ, ამ მიმართულებით სწორი აქცენტების გამოკვეთა მნიშვნელოვანია. გამოხატვის თავისუფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის თავისუფლებისთვის და საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს, რაც ჩვენთვის, როგორც დემოკრატიულობის გზაზე დამდგარი ქვეყნისთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტი, ბოლო წლებში, ამ უფლებას რამდენჯერმე დაემუქრა საფრთხე. ამის ნათელი მაგალითი იყო 5 ივლისი, როდესაც თბილისში პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციისას ძალადობრივი ჯგუფების ქუჩაში გამოსვლამ საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებები შელახა. გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის რვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიც. კერძოდ, შეილახა კონსტიტუციის მე-11; მე-17; მე-19; 21-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები, რომლებშიც მოიაზრება თანასწორობის, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების, საკუთრების უფლებისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული უფლებები. ამ უფლებების უხეშად დარღვევა და შელახვა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად აისახა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესი შეაფერხა.
შეკრებისა და გაერთიანების უფლება
2020-2023 წელს საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე გაზრდილმა საპროტესტო ტალღამ კიდევ უფრო მეტად დაგვანახა ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის კუთხით არსებობს. შეკრებისა და გაერთიანების უფლება, იმ უფლებებს შორისაა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ამასთან, ის პირდაპირაა დაკავშირებული და დამოკიდებული ევროპული კონვენციის მეათე მუხლთან, ანუ გამოხატვის თავისუფლებასთან. ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად, ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების, სხვებთან გაერთიანების და მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნის უფლება საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით. ამასთან, დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებს ან ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
2019 წლის 20 ივნისის აქციის, ასევე ამავე წლის 18 და 26 ნოემბრის აქციების, ისევე როგორც 2023 წლის 8 მარტის აქციის ძალადობრივი გზით დაშლის და დაკავებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლება სამართლებრივი ჩარჩოს უგულებელყოფით ზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. ხაზგასასმელია ძალოვანი სტრუქტურების მიერ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების საკითხიც. მსგავს ტენდენციაზე მოწმობს სასამართლო პრაქტიკაც, რაც გამოიხატება შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის პროცესში დაკავებული პირებისადმი განსაკუთრებით მძიმე და ხშირად უსამართლო სანქციების დაწესებაში. საბოლოოდ, აგრესიული ქმედებები და ძალადობის მწვავე შედეგები უმცირესობათა გამოხატვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს და მნიშვნელოვნად აფერხებს საზოგადოებაში ტოლერანტული ღირებულებების დამკვიდრებას.
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უკანასკნელ პერიოდში მომხდარმა მაგალითებმა ცხადყო, რომ შეკრების და გამოხატვის უფლების სარგებლობის დროს ადამიანებს მრავალი გამოწვევისთვის უწევს თვალის გასწორება. ,,საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის ურყევი ნების გამოხატულებაა“ - სწორედ ამ სიტყვებით იწყება კონსტიტუცია, რომელიც ნებისმიერი სახელმწიფოს ყველაზე აღმატებული და მთავარი კანონია. ამასთანავე, რადგან საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, ჩვენი ქვეყანა ვალდებულია, პირნათლად შეასრულოს მასში გათვალისწინებული მოთხოვნები და დაიცვას თითოეული მოქალაქის უფლება. სწორედ ამის შემდგომ გახდება საქართველო ევროპული გაერთიანების ერთ-ერთი წევრი, რომლის სურვილიც, NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის 75% აქვს.
ავტორი: მარიამ ცუხიშვილი