"კორუფცია"

„კორუფცია არ არის მარტოოდენ პარვა და მექრთამეობა. მისი სპექტრი და მოქმედების ველი ერთობ ფართოა“. 

კორუფცია ასე უბრალოდ არ ჩნდება და ყოველთვის არსებობს კონკრეტული ფაქტორები, რაც კორუფციის არსებობას განაპირობებს.  ეს შეიძლება იყოს,  კანონების არარსებობა, დაბალი ხელფასები, მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოს კონტროლის დაბალი დონე, ინფორმირებულობის დაბალი მაჩვენებელი ა.შ. ვფიქრობ, ყველაზე  მნიშვნელოვანია პრობლემის გამომწვევი მიზეზების აღმოჩენა და ანალიზი, რადგან მიზეზების წინააღმდეგ ბრძოლა ყველაზე ეფექტურია.

კორუფცია სერიოზული პრობლემაა, პრობლემა რომლის გარშემოც მთელი მსოფლიო ერთიანდება. აღსანიშნავია ის, რომ კორუფცია აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, რადგან ის იწვევს რესურსების არაეფექტურ გამოყენებას. ასევე,  ხელყოფს საჯარო სექტორის გამართულ ფუნქციონირებას, ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობას, აფერხებს ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. გარდა ამისა,  კორუმპირებული საჯარო მოხელეები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების/დანაშაულებრივი დაჯგუფებების სამიზნეს წარმოადგენენ. ეს კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას

რა ხდება საქართველოში?

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ“, მაგრამ გეტყვით, რომ კორუფციის აღქმის ინდექსი თითქოს სიმშვიდის საშუალებას გვაძლევს, რადგან  მონაცემები წინა წლებთან შედარებით არ შემცირებულა და არის 56 ქულა. გარდა ამისა, საქართველო 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს, იტალიასა და სლოვენიასთან ერთად  მიუხედავ ამისა,  ის ფაქტი, რომ „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს  შედეგი  წლებია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა,  მიუთითებს იმაზე, რომ მიღწეული პროგრესის მიუხედავად (წვრილმანი კორუფციის შემცირება, მამხილებლის ინსტიტუტი, დეკლარაციების საკითხი, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, ეთიკის კოდექსი საჯარო სამსახურში და ა.შ) გადაუჭრელი რჩება, მაგალითად, მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ბუნებრივია უარყოფითად აისახება საბოლოო შედეგზე

მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, საჭიროებისამებრ არ ხდება და  ამის კარგი მაგალითია ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის გამო, ქვეყანაში შესვლაზე სანქციები დაუწესა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრებს (მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს): ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს. ზემოაღნიშნული ფაქტი სერიოზულ ზიანს აყენებს/მიაყენებს ქვეყანას, როგორც საზღვრებს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.  

აღსანიშნავია ისიც, რომ  გლობალური მმართველობის ინდექსში, კორუფციის კონტროლის ინდიკატორი 2011 წელთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია, თუმცა 2021 წელს 2016 წელთან შედარებით, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. უნდა აღინიშნოს რომ, ინდექსი ძირითადად ფოკუსირებულია წვრილმან მექრთამეობაზე და სახელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროში არსებულ კორუფციაზე

წვრილმან მექრთამეობისა და სახელმწიფო სფეროში არსებული კორუფციის საილუსტრაციოდ, საინტერესოა გავაანალიზოთ 2016 წლისა და 2021 წლის სამოხელეო დანაშაულთა, რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაული, სტატისტიკა. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ რეგისტრირებული დანაშაულების მაჩვენებელთან ერთად, გახსნილ დანაშაულთა რაოდენობაც საგრძნობლად გაზრდილია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული რაღაც მხრივ დაკავშირებულია კორუფციის კონტროლის ინდიკატორის მაჩვენებლის გაუმჯობესებასთან, თუმცა საყურადღებოა რეგისტრირებულ და გახსნილ დანაშაულს შორის დიდი სხვაობა

საინტერესოა 2022 წლის სამოხელეო დანაშაულთა სტატისტიკა, დანაშაულის სახეების მიხედვით. ანალიზის დროს გამოიკვეთა, რომ რეგისტრირებულ დანაშაულთა შორის მოწინავე ადგილს იკავებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, შემდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ქრთამის აღება/მიცემა.

რა თქმა უნდა, კორუფცია არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის პრობლემა რომლის გარშემოც მთელი მსოფლიო ერთიანდება. კორუფცია ყველა ქვეყანაში ვლინდება რაღაც დოზით. ხოლო, პრობლემის მოსაგვარებლად ესა თუ ის ქვეყანა განსხვავებულ გზას ირჩევს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება.

აღსანიშნავია ის, რომ ფინეთში  შედგენილია სახელმძღვანელო, ,,ღირებულებები სამსახურში - საჯარო მოსამსახურის ეთიკა", რომელიც ერთგვარი გზამკვლევია, ეთიკისა და მორალური ღირებულებების, საჯარო დასაქმებულებისთვის (ჩვენს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს  „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის“ შესახებ კანონი). ასევე, ფინეთში კანონმდებლობების თანახმად მაღალი თანამდებობის პირებს ეკისრებათ  ვალდებულება, რომ  თანამდებობის დაკავებამდე განაცხადონ საკუთარი ქონების, ბიზნესის, შესახებ (საქართველოში: დეკლარაციები). აღსანიშნავია ის, რომ ფინეთისა და საქართველოს ანტიკორუფციული მექანიზმები, რაღაც დონეზე მსგავსია. თუმცა ეს მხოლოდ თეორიულად, რადგან მდგომარეობა საქართველოსა და ფინეთში რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, რასაც ცხადყოფს კორუფციის აღქმის ინდექსი  აქ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საქართველოში სერიოზული პრობლემა გვაქვს აღსრულების კუთხით.

საინტერესოა ის, რომ ვხვდებით ტექნოლოგიებზე დამყარებულ ინოვაციურ პრაქტიკას მსოფლიოში: კონკრეტულ ქვეყნებში დანერგილია ანტიკორუფციული ცხელი ხაზის მექანიზმი (ნიდერლანდების სამეფო, მოლდოვა, იორდანია), რომლის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ კორუფციის შეტყობინება, ხოლო ვებ-გვერდების მეშვეობით თავად იღებენ ინფორმაციას. ხშირად ვხვდებით მზა ტესტებს, რომელიც ამოწმებს ანტიკორუფციულ ცოდნას და ზრდის ცნობიერების დონეს. ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია თამაშები, რაც ხელს უწყობს ბავშვებში მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, მაგალითად სინგაპურში

საბოლოო ჯამში, კორუფცია არის პრობლემა, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყანას. ის აფერხებს ყველა იმ პროცესს, რომელიც განვითარების წინაპირობაა. საქართველოში არსებული სიტუაცია კი არც თუ ისე სახარბიელოა და  მოითხოვს სწრაფი, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. განსაკუთრებული აქცენტი კი უნდა გაკეთდეს პრევენციაზე. კორუფციის აღქმის ინდექსმა დაგვანახა სად ვართ „მსოფლიო კორუფციის რუკაზე“, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითის განხილვამ - რამდენად ამბიციური მიზნები შეიძლება გვქონდეს, როცა კორუფციის წინააღმდეგ ვიბრძვით.

და ბოლოს, რა უნდა გაკეთდეს?

პრობლემის მოგვარების  ალტერნატივები შეიძლება ფორმულირდეს შემდეგნაირად:

o          დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი სასამართლო ხელისუფლების ფორმირება (ამის საჭიროებას „სანქცირებული მოსამართლეების“  მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს).

o          ხელისუფლების მიერ მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა;

o          სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;

o          ანტიკორუფციული კამპანიების დაგეგმვა (რეკლამები, ტრენინგები, საჯარო მოხელეების განვითარებაზე ზრუნვა და ა.შ);

o          საერთაშორისო ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შესრულება;

და ხომ, კორუფცია, როგორც სულხან-საბა ორბელიანი ლოთობის შესახებ ამბობდა,  „ჭირი არის ჭირთა უჭირესო“.

და რას ფიქრობთ თქვენ  -  „ ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! “

ავტორი: მზიკო კვარაცხელია

 

მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია კომენტარის დატოვება