მენტალური ჯანმრთელობა

     მენტალური, იგივე ფსიქიკური ჯანმრთელობა გულისხმობს პიროვნების ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას ანუ უნარს გავუმკლავდეთ გარემოსთან ასოცირებულ სტრესს,

გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი და შევიტანოთ ჩვენი წვლილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ადამიანების 50%-ზე მეტი განიცდის მენტალური ჯანმრთელობის დარღვევებს. უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით საქართველოში, გაიზარდა მენტალურ ჯანმრთელობაზე ცნობიერების ამაღლების აქტუალურობა და ყველა ადამიანის ცხოვრებაში მასზე ზრუნვის დღის წესრიგში დაყენების ტენდენცია.დღევანდელ რეალობაში გადატვირთული ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე ადამიანებმა გაიაზრეს, რომ მენტალურ ჯანმრთელობას ჩვენს ცხოვრებაში იმაზე არანაკლები როლი უკავია, როგორც ფიზიკურს. მასზე ზრუნვა და სპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინება საშუალებას გვაძლევს გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესს და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი როგორც კარიერულ წინსვლაში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

     WHO-ის (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის) სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ყოველ მე-10 ადამიანს გამოხატული აქვს მენტალური ჯანმრთელობის მიმდინარე პრობლემა. თუმცა ამ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის და დეფიციტური კვლევების გამო, რთულია მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის სრულად აღრიცხვა, ამიტომ ეს ციფრი რეალურად უფრო მაღალია. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ადრეულ ასაკში მენტალური პრობლემების დაძლევა უფრო ადვილია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. მენტალური მდგომარეობის გაუარესება შესაძლებელია ბევრი მიზეზით იყოს გამოწვეული, შეიძლება ეს გამოიწვიოს ოჯახურმა პრობლემებმა, საყვარელი ადამიანის დაკარგვამ, ბულინგმა, მარტოსულობის შეგრძნებამ და ა.შ.  

      ფსიქიკური აშლილობის გავრცელება და მისი გავლენა ხშირად არასათანადოდ ფასდება როგორც მთავრობების, ასევე საზოგადოების მხრიდან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მოსახლეობის  25%-ზე მეტს  ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში ფსიქიკური აშლილობები აქვს. ფართო გავრცელებისა და მძიმე ტვირთის მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მოცულობა ვერ აკმაყოფილებს მკურნალობის საჭიროებებს  და ჩნდება ე.წ. მკურნალობის ხარვეზი, როდესაც ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანთა 75-90% ვერ იღებს საჭირო დახმარებას. უდავოა, რომ ქვეყნებმა უნდა გამოყონ ადეკვატური ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსი ამ მასშტაბის გამოწვევის მოსაგვარებლად.

აღიარებულია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური რეფორმაა, ვინაიდან იცვლება არა მარტო მომსახურების ფორმები, არამედ არსიც. ამ მიმართულებით ყველა ქვეყანამ უნიკალური გზა გაიარა და დღესაც არ წყდება კამათი, თუ როგორ უნდა რეფორმირდეს სისტემა ისე, რომ არ დაიკარგოს არსებული გამოცდილება და წარმატებით დაინერგოს ახალი, ზოგჯერ სრულიად უცხო მიდგომა და სერვისები.

მენტალური ჯანმრთელობის 5 ყველაზე გავრცელებული პრობლემა:

შფოთვითი დარღვევები:

შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანი ხშირად განიცდის სტრესსა და შიშს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერს შეიძლება, გაუჩნდეს ეს შეგრძნებები თუნდაც გასაუბრების ან საჯარო გამოსვლის დროს (რადგან ეს შეიძლება იყოს ნორმალური პასუხი სტრესზე), შფოთვითი აშლილობის მქონე პირები მსგავს შეგრძნებებს არასტრესულ გარემოშიც განიცდიან.

განწყობის დარღვევები:

მიუხედავად იმისა, რომ დრო და დრო განწყობის ცვალებადობა ნორმალურია, განწყობის აშლილობის მქონე ადამიანები ცხოვრობენ უფრო მძიმე სიმპტომებით, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. კონკრეტული აშლილობის მიხედვით, ადამიანი შეიძლება იყოს მუდმივად სევდიანი, შეშფოთებული, უიმედო.. ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება, გადაჭარბებული დანაშაულის გრძნობა, შემცირებული ენერგია და სხვა.

ფსიქოზური დარღვევები:

ფსიქიკური აშლილობის ეს ტიპი ინდივიდს რეალობის განცდას აკარგვინებს. მეცნიერები თვლიან, რომ ზოგიერთმა ვირუსმა, თავის ტვინის სპეციფიკური სქემების მუშაობის პრობლემებმა, ექსტრემალურმა სტრესმა ან ტრავმამ, ასევე ნარკოტიკების მოხმარებამ შეიძლება, დიდი როლი ითამაშოს ფსიქოზური აშლილობების განვითარებაში.

დემენცია:

მიუხედავად იმისა, რომ მიჩნეულია, თითქოს ეს არის ერთი ტიპის აშლილობის სახელწოდება, დემენცია არის ტერმინი, რომელიც სპეციფიკური ფსიქიკური მდგომარეობის ფართო სპექტრს მოიცავს. დემენციასთან დაკავშირებული აშლილობებით დაავადებულებმა შეიძლება განიცადონ კოგნიტიური შესაძლებლობების დაქვეითება.

კვებითი დარღვევები:

ეს არის რთული ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ხშირად სამედიცინო და ფსიქოლოგის ჩარევას საჭიროებს. ეს აშლილობა იწვევს არაჯანსაღი კვების ჩვევების განვითარებას, როგორიცაა საკვების, სხეულის წონის ან სხეულის ფორმის აკვიატება. მძიმე შემთხვევებში, კვების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული შედეგები. საერთო სიმპტომები მოიცავს საკვების ძლიერ შეზღუდვას, საკვების მიღებას და შემდეგ ღებინებას ან გადაჭარბებულ ვარჯიშს.     

რა ხდება საქართველოში?

საქართველოს მაგალითს რაც შეეხება 2018 წელს საქართველოს ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებებში წლის ბოლოს რეგისტრირებულია ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 76508 შემთხვევა, პრევალენტობა-2053,1, მათ შორის ბავშვებში - 3217 შემთხვევა.

    2018 წელს  საქართველოში რეგისტრირებულია ნერვული სისტემის დაავადებების 151315 შემთხვევა , მათ შორის 58139 ახალი შემთხვევა. ბოლო წლებში არსებული ახალი შემთხვევების მატების ტენდენცია შეიცვალა და 2018 წელს როგორც მთლიან მოსახლეობაში, ასევე ბავშვებში დაფიქსირებულია ახალი შემთხვევების რიცხვის და შესაბამისად ინციდენტების კლება ( 2017 წელს აღირიცხა 61130 ახალი შემთხვევა, 2018 – 58139, 2017 წელს ბავშვებში - 8447 ახალი შემთხვევა, 2018 წელს -1966).

    საბოლოოდ კი მინდა გითხრათ,რომ მენტალურ ჯანმრთელობას უნდა მივაქციოთ იმ დონეზე ყურადღება რა დონეზეც ფიზიკურ ჯანმრთელობას ვაქცევთ ადამიანები.ხშირად საზოგადოებას ჰგონია,რომ თუ ისაუბრებ შენს სუსტ მხარეზე მენტალური ჯანმრთელობის კუთხით, სუსტი გამოჩნდები და საზოგადოება არ მიგიღებს ისეთს როგორიც ხარ, მაგრამ სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ვინც ამ მდგომარეობას უმკლავდება ვერ აანალიზებს რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანის ფსიქიკაზე და ზოგადად ცხოვრებაზე.  ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მენტალური ჯანმრთელობა საზოგადოებაში აქტუალური გახდა COVID-19 - ის პერიოდში,როდესაც მოხდა ე.წ ‘ლოკდაუნი’ და რუტინული ცხოვრება უეცრად დასრულდა. ადამიანთა ნაწილი ცხოვრებას სუიციდით ასრულებს, იმიტომ, რომ ვერ საუბრობენ თავიანთ გრძნობებზე,ემოციებზე და პრობლემებზე,რადგან საზოგადოების აზრის ეშინიათ, აქვთ იმის შიში, რომ ვერ იქნებიან მათი მსგავსი და ამისთვის გააკრიტიკებენ. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ყველაფერი არის ფსიქოლოგია და მისი განუსაზღვრელი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. ალბათ, იტყვიან ადვილი სათქმელია ისეთი ადამიანისათვის, რომელიც მსგავს სიტუაციაში არ ყოფილა, მაგრამ არასდროს არ ვწერ ან ვსაუბრობ ისეთ რაღაცაზე, რაც არ გამომიცდია.

ავტორი: მარიამ ჩირგაძე

მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია კომენტარის დატოვება